სტიპენდიის დანიშვნის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1.წინამდებარე წესი განსაზღვრავს შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“ ) სტიპენდიის სახეებს, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების პროცედურებს და პირობებს. ასევე სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერის სხვა წესებს.

მუხლი 2. აკადემიური სტიპენდია 1. უნივერსიტეტში აკადემიური სტიპენდია ინიშნება რექტორის ბრძანებით, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის.
2. აკადემიური სტიპენდიის დაწესების მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტთა წახალისება წარჩინებული სწავლის, სამეცნიერო მუშაობის და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის.
3. აკადემიური სტიპენდიის მინიჭების პირობები
3.1. აკადემიური სტიპენდია ყოველ სემესტრში გაიცემა (ინიშნება) წინა სასწავლო სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე.

3.2. სტიპენდია არ გაიცემა:

ა) ბაკალავრიატის სწავლების პირველი სემესტრის სტუდენტზე;
ბ) სტუდენტზე, რომელსაც უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე გავლილი აქვს ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრულ პერიოდზე მეტი;
გ) მიმდინარე სემესტრში მობილობით გადმოსულ სტუდენტზე;
დ) მიმდინარე სემესტრში სტატუსაღდგენილ სტუდენტზე;
ე) სტიპენდიის დანიშვნის მომენტისთვის სხვა სტიპენდიის/საუნივერსიტეტო დაფინანსების მქონე სტუდენტზე;
ვ) სტიპენდიანტზე, რომელიც სემესტრის განმავლობაში შეიჩერებს/შეიწყვეტს სტუდენტის სტატუსს ან უხეშად დაარღვევს უნივერსიტეტის დებულებას /შინაგანაწესს.
ზ) სტუდენტზე, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკავშირებულია უნივერსიტეტთან. სტიპენდიანტთა სიაში ასეთი პირის მოხვედრის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს რეიტინგით შემდეგი სტუდენტი.

4. აკადემიური სტიპენდიის მინიჭების პროცედურა

4.1. გადაწყვეტილებას სტიპენდიის დანიშვნის შესახებ, სკოლის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, იღებს რექტორი, რომელიც ყოველი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში ბრძანებით განსაზღვრავს გამოყოფილი სასტიპენდიო ადგილების რაოდენობას და სტიპენდიის ოდენობას.
4.2. აკადემიური სტიპენდიით დაფინანსებისათვის კანდიდატების შერჩევას ახორციელებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო (შემდგომში ,,სკოლის საბჭო“)  
4.3. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური ვალდებულია სკოლის საბჭოს მიაწოდოს ინფორმაცია ბაკალავრიატის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების შესახებ.
4.4. სკოლის საბჭო აკადემიური სტიპენდიით დაფინანსებისათვის ბაკალავრიატის შესარჩევ კანდიდატთა რეიტინგის გაანგარიშებისას მხედველობაში იღებს შემდეგ კრიტერიუმებს:

მაღალი აკადემიური მოსწრება:
ა) GPA 3.0 -ზე მეტი;
ბ) აკადემიური დავალიანების არქონა;
გ) საგანში კრედიტის მოპოვება დამატებითი გამოცდის გარეშე ( გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტუდენტს სურს გაიუმჯობესოს საბოლოო ქულა).

  • მონაწილეობა კონფერენციებში/უნივერსიტეტის სახელით განხორციელებულ პროექტებში (+ 1 ქულა);
  • მონაწილეობა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში (+ 0,5 ქულა);
  • მონაწილეობა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში (+ 0,5 ქულა);
  • უნივერსიტეტის წინაშე ფინანსური ვალდებულებების დროულად შესრულება (+ 0,5 ქულა);


5. ინფორმაცია აკადემიური სტიპენდიის მინიჭების შესახებ

5.1. სტიპენდია გადაეცემა უნივერსიტეტის ყველაზე წარმატებულ იმ რაოდენობის სტუდენტებს, რა რაოდენობის სასტიპენდიო ადგილებიც გამოყო რექტორმა მოცემულ სემესტრში.
5.2. სტიპენდია გაიცემა სემესტრში 3 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ.

მუხლი 3. სოციალური სტიპენდია

1. სოციალური სტიპენდია ენიშნებათ სოციალურად დაუცველებსა და მატერიალურად შეჭირვებულებს.
2. სკოლის საბჭოს /სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით განსაზღვრავს სოციალური სტიპენდიის ოდენობას და სტიპენდიანტებს.

მუხლი 4. სხვა სახის წახალისება

1. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თავისი ინიციატივით ან სტუდენტ(ებ) ის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სხვადასხვა სახის ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1. აკადემიური და სოციალური სტიპენდიის და სხვა სახის წახალისების წესს ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატი
2. აღნიშნულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სენატის დადგენილებით.