ისტორია

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 2002 წელს დაარსდა სახელწოდებით "საქართველოს საგადასახადო აკადემია. დამფუძნებლებს შორის ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები იყვნენ.

2012 წელს სასწავლო ბაზრის დინამიკის ცვლილების გათვალისწინებითა და უნივერსიტეტის ახალი მენეჯმენტის ხედვით, "საქართველოს საგადასახადო აკადემიას" სახელი შეეცვალა და "თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი" დაერქვა. ამ ცვლილებას წინ უძღოდა ისეთი გარემოებები, როგორიცაა ჩვენი სასწავლო პროგრამების მზარდი პოპულარობა, კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი და ბაზარზე ახალ სასწავლო პროგრამებზე მოთხოვნის გაზრდა. თბილისის ღია უნივერსიტეტმა სწრაფად განვითარებადი და მზარდი უნივერსიტეტის სახელი დაიმკვიდრა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მისი დაარსებიდან დღემდე ის მცირე ზომის სასწავლო დაწესებულებიდან ფართო სპექტრის, მრავალპროფილურ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. დღეს TOU თავისი აკადემიური პერსონალით, სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით ასობით ექსპერტსა და ინტელექტუალს აერთიანებს.

გასულ წლებში TOU-მ დიდი ცვლილებები განიცადა. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მათი ექსპერტიზისა და გამოცდილების გაზიარებით, თბილისის ღია უნივერსიტეტმა ბაზარზე თანამედროვე და ინოვაციური სასწავლებლის სახელი დაიმკვიდრა. ამ წლების განმავლობაში ახალი დეპარტამენტებისა და კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებით, ინოვაციური კვლევებით, საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით TOU-მ მრავალ ცნობილ მეცნიერს, მწერალს, ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს უმასპინძლა.

თბილისის ღია უნივერსიტეტის კამპუსიც მუდმივად ვითარდებოდა. დღეს უნივერსიტეტი ახალ, უახლესი სტანდარტებით აშენებულ შენობაშია განთავსებული და სრულად აღჭურვილ აუდიტორიებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, სიმულაციურ ოთახებს, სტუდენტურ სივრცეებსა და ბიბლიოთეკას მოიცავს.

TOU პერმანენტულად ვითარდება რეგიონში წამყვანი უნივერსიტეტის სახელის დასამკვიდრებლად და იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას - წვლილი შეიტანოს ადგილობრივ და საერთასორისო ბაზარზე ამბიციური, პროფესიონალი კადრების მომზადებაში.