სამართლის სკოლა


სამართლის სკოლის შესახებ

TOU-ს სამართლის სკოლა 2002 წლიდან, უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ფუნქციონირებს. ამ წლების განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და ქართული სამართლის სკოლის განვითარების საქმეში. ვაგრძელებთ ტრადიციას და სკოლა ზრუნავს მართვის ინოვაციური და ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელების საფუძველზე უზრუნველყოს განათლების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, სწავლების მეთოდოლოგიის მუდმივი განახლება და ახალი მეთოდების ათვისება, საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარება და, ზოგადად, საუკეთესო სასწავლო გარემოში ცოდნის დაუფლება.

სამართლის სკოლაში ხორციელდება სამართალმცოდნეობის საბაკალავრო, სისხლის სამართლის სამაგისტრო და ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია სტუდენტთა საფუძვლიანი თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების, პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობის განვითარების, პროფესიული ზრდისა და სწავლის გაგრძელების, აგრეთვე პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვისა და ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის მოტივაციის ჩამოყალიბებაზე, რათა მომავალმა სპეციალისტებმა შეძლონ სამართლის სფეროში მიმდინარე რთული და დინამიკური პროცესების გაცნობიერება, გაანალიზება, კვლევითი სამუშაოს განხორციელება, პრაქტიკულ საქმიანობაში თავიამთი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების სრული რეალიზაცია და წარმატებული საქმიანობის შედეგად კარიერული წინსვლა.

სწავლების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული იურიდიული კლინიკა და იმიტირებული სასამართლო დარბაზი. ასევე მოქმედებს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებზე. ამასთან, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სხვადასხვა ორგანიზაციასთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავოს;

სამართლის სკოლაში განსაკუთრებით აქცენტირებულია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსანალის მოზიდვა. კერძოდ, დიდი ყურადღება ეთმობა მეცნიერ-პედაგოგთა მიერ როგორც სალექციო კურსის მაღალკვალიფიციურ წაკითხვას, ასევე სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ ცნობილ სპეციალისტებს და მათი პროფესიონალიზმი აღიარებულია არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.

უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი, რათა სრულყოფილად დაეუფლოთ იურიდიულ განათლებას და მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური რეალიზაცია, რაშიც თქვენ ხელს შეგიწყობთ დასავლური სტანდარტებით აღჭურვილი აუდიტორიები; მუდმივად განახლებადი, იურიდიული ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა, მათ შორის, უცხოენოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკა; კომპიუტერული კლასები, უზრუნველყოფილი უწყვეტი ინტერნეტკავშირითა და სამართლებრივი აქტების საძიებო სისტემით; იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი.