საერთაშორისო ურთიერთობები

085

საერთაშორისო ურთიერთობები

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტისათვის მაგისტრის აკადემიური ხარისხისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მაგისტრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბება ხდება პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა კომპონენტის სინთეზის საფუძველზე.

უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული მაგისტრის კომპეტენციებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა ისეა აგებული, რომ სტუდენტებს სრულ წარმოდგენას უქმნის როგორც ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების, ისე ამ დარგის ცალკეული სუბ-დისციპლინების შესახებ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მაგისტრი აღრმავებს ბაკალავრიატში მიღებულ თეორიულ ცოდნას და იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენს, რომლებიც შემდგომში შრომით ბაზართან ადაპტაციისა და პროფესიულ გარემოში, მათ შორის, აკადემიურ სფეროში დამოუკიდებლად ორიენტაციის საშუალებას მისცემს მას.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში

სწავლების ენა:
ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო და სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგების საფუძველზე და ფლობს ინგლისურ ენას (B2-ის დონეზე), რაც დასტურდება ინგლისურ ენაში გამოცდის შედეგებით/შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით.

სწავლის ხანგრძლივობა
4 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედან სტანდარტულად 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს) 

სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
პროგრამის ინტერდისციპლინალურობის გათვალისწინებით, სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს „სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში“ აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას. სწავლების პროცესში გამოყენება ისეთი მეთოდები, რომლებიც ორიენტირებულია თეორიული (ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი, დისკუსია/დებატები, ახსნა-განმარტებითი, წერითი მუშაობის მეთოდები), პრაქტიკული (ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, დემონსტრირების მეთოდი), ზოგადი (ჯგუფური/გუნდური მუშაობა)და დარგობრივი (შემთხვევის ანალიზი, პროექტის მომზადება, კრიტიკული ანალიზი, დამოუკიდებლად წიგნზე/წყაროზე მუშაობა) სასწავლო მასალის ადეკვატურად ათვისებაზე. საკითხების ვიზუალიზაციისა და დავალებების შესასრულებლად შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

სასწავლო კურსის სწავლებისას, იმის მიხედვით, თუ როგორი ხასიათის (თეორიული, პრაქტიკული, ზოგადი თუ დარგობრივი)კომპონენტი ისწავლება, გამოიყენება შესაბამისი სწავლის მეთოდი, რაც მიზნად ისახავს პროგრამით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.