გენოციდი: The Crime of Crimes

1948 წლის 9 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ, „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვენციის მიღების დღესთან დაკავშირებით, 14 დეკემბრეს, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის კარიერული და უწყვეტი განათლების ცენტრისა და ა(ა)იპ “სამოქალაქო განათლების ცენტრის - Civic Education Centre” ორგანიზებით, გაიმართება ბაქარ მაცაბერიძის საჯარო ლექცია თემაზე - ,,გენოციდი: The Crime of Crimes". 
გენოციდი: ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მიმართ მათი მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით ჩადენილ, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ, უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს.
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა ერებისა და რელიგიური ჯგუფების სრულად განადგურების მიზნით ჩადენილ არაერთ უმძიმეს დანაშაულებრივ ფაქტს ჰქონდა ადგილი. მიუხედავად ამისა, გენოციდი, როგორც ყველაზე მძიმე ქმედების ამსახველი ტერმინი, მხოლოდ მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას მკვიდრდება, ხოლო საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსს 1948 წლის 9 დეკემბერს იძენს.
1948 წლის 9 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა კონვენცია „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნება: გენოციდის, როგორც საერთაშორისო დანაშაულად ჩამოყალიბებისა და მისი ისტორიული განვითარების ეტაპები; 1948 წლის 9 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კონვენცია „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ოსმალეთის იმპერიისა და ნაცისტური გერმანიის მიერ, ასევე ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები; საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი (IMT) ე.წ. ,,ნიურნბერგის“ ტრიბუნალი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, ყოფილი იუგოსლავიისა (ICTY) და რუანდის (ICTR) თაობაზე დაფუძნებული დროებითი ტრიბუნალები.