085

2020-03-23

განცხადება!

 

ძვირფასო სტუდენტებო! როგორც მოგეხსენებათ, 16 მარტიდან, განათლების სამინისტროს მითითებით უნივერსიტეტი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

23 მარტს გამოცემული მთავრობის დადგენილების თანახმად, ამ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა ვირუსთან დაკავშირებული სიტუაციის აღმოფხვრამდე.

დასაწყისში არსებული გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, უნივერსიტეტმა შეძლო ამ გამოწვევას ღირსეულად შეხვედროდა და მცირე დროში წარმატებით განახორციელა სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გაგრძელება. ეს არის ადმინისტრაციული პერსონალის და  პროფესორების დაუღალავი შრომის, მათი მაღალი მოქალაქეობრივი და ზნეობრივი გამოხატულების შედეგი!

რექტორის სახელით, გვინდა  მათ საჯაროდ, თქვენთან ერთად,  გადავუხადოთ დიდი მადლობა თავდადებული შრომისთვის.

დისტანციურ სწავლაზე გადასვლა, პირველ რიგში ემსახურება სტუდენტების/თქვენს ინტერესებს, რათა  საგაზაფხულო სემესტრი გაგრძელდეს და ჩაითვალოს.

ხაზგასმით გვინდა გაცნობოთ - თქვენ სემესტრი არ ჩაგივარდებათ (შესაძლოა მცირედით დაკორექტირდეს და გადაიწიოს ვადები, გამომდინარე ვირუსთან დაკავშირებული სიტუაციიდან, რაც წინასწარ გეცნობებათ).

რადგან ლექციები დისტანციურად იმართება, თქვენი ჩართვა ლაივში ძალზედ მნიშვნელოვანია. ხოლო ვინც ვერ მოახერხებს კონკრეტულ შემთხვევაში ლაივ-ლექციაში მონაწილეობას, მოგვიანებით აგეტვირთებათ ემისის თქვენს გვერდზე და იქ იხილავთ როგორც ლექციის ვიდეორგოლს, ასევე სასწავლო მასალას. პროფესორი განგისაზღვრავთ დავალებას და შემდგომ თქვენი უკუკავშირით მიიღებთ აქტივობის ქულებსაც.

რაც შეეხება გამოცდებს!

 შესაძლოა შუალედურმა გამოცდებმა გადაინაცვლოს ფინალური გამოცდების წინ  (აღნიშნულ საკითხზე წინასწარ გონივრული ვადით ადრე გეცნობებათ). ორივე გამოცდა, როგორც შუალედური, ისე ფინალური ჩაგიტარდებათ შესაბამისი დონის სირთულით, იმ მასალიდან გამომდინარე, რასაც დისტანციურ სწავლის რეჟიმში გაივლით.

თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ სემესტრში,  შუალედური   და  ფინალური გამოცდის  გადაბარების თანხის  გაუქმების შესახებ. შესაბამისად, უფასოდ შეძლებთ გადაბარებას საჭიროების შემთხვევაში.

ვიცით, რომ სწავლის საფასურის გადახდის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და გაწუხებთ. რექტორის გადაწყვეტილებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე,  ყველა სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა გადაუვადდათ 1 თვით,  24 აპრილამდე! ამ პერიოდში არავინ არ დაიბლოკება სასწავლო პროცესიდან/ან შეუჩერდება სტატუსი.

აღნიშნულ პერიოდამდე, ვინც ვერ შეძლებს სტანდარტული გადახდის გრაფიკით გადაიხადოს, მათ ვთავაზობთ სემესტრის საფასურის სამ ნაწილად გაყოფას. პირველი მესამედი დაფარეთ 24 აპრილამდე, ხოლო მეორე მესამედი 20 მაისამდე.

ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რათა თქვენ ამ რთულ პერიოდში,  სერვისი უწყვეტად მოგეწოდოთ.  ამიტომ,  გვინდა გთხოვოთ  თანადგომა და სწავლის საფასურის  მითითებულ/გადავადებულ ვადებში გადახდა.

ძვირფასო სტუდენტებო, ერთობით და ურთიერთგაგებით,  ჩვენ ერთად დავძლევთ ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევას.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, მოგიწოდებთ თავს გაუფრთხილდეთ და დარჩეთ სახლში!

თბილისის ღია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია!