085

2020-12-02

Hubu.ge უფასო პლატფორმა აბიტურიენტებისთვის. თბილისის 166-ე სკოლის დირექტორის ქ-ნი ირმა ომანაძის ინტერვიუ!

 

თბილისის ღია უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ონლაინ პლატფორმა hubu.ge აბიტურიენტებისთვის უფასო შესაძლებლობაა მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.

პლატფორმა საქართველოს 1000-ზე მეტი სკოლის აბიტურიენტებს სრულიად დაუფინანსდათ.

რა როლი აქვს Hubu.ge-ს აბიტურიენტებისთვის და როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება სკოლებში?

ჩვენს შეკითხვებს სსიპ თბილისის N166 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ირმა ომანაძე პასუხობს.

 

_ მოგესალმებით, ქალბატონო ირმა! როგორ შეაფასებთ თბილისის ღია უნივერსიტეტის პროექტს Hubu.ge-ს, როგორ ფიქრობთ რამდენად დროულია აბიტურიენტებისთვის ასეთი პლატფორმის სრულად დაფინანსება და რა შედეგებს მოიტანს ის?

 _ უპირველესად, მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორის ბ-ნ გიორგი ამილახვარის და უნივერსიტეტის იმ გუნდის მიმართ, რომელიც დაუღალავად შრომობს სასკოლო სექტორისთვის ტექნოლოგიური მხარდაჭერის მიმართულებით. სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ინტენსიურად და ეფექტურად იყენებდა და იყენებს ღია უნივერსიტეტით მხარდაჭერილ პლატფორმას - tvschool.ge-ს. მივესალმები თბილისის ღია უნივერსიტეტის ონლაინ პროექტს  Hubu.ge-ს, რომელიც წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პლატფორმას. აღნიშნული პროექტი ერთობ მნიშვნელოვანია აბიტურიენტებისთვის, პირველ რიგში იმ კუთხით, რომ უფასოა ჩვენი სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მათგანს  ჩაერთოს მასში, მიუხედავად მისი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობისა. მეორეს მხრივ, კი - აბიტურიენტებს და მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ მრავალფეროვან სასწავლო რესურსს და დაძლიონ დისტანციური სწავლების დროს წარმოქმნილი სიძნელეები. ონლაინ პროექტის  Hubu.ge-ის მიმართ განსაკუთრებით მაღალი ინტერესი გამოხატეს სკოლის მაღალკლასელებმა და ისტორიის მასწავლებლებმა. დარწმუნებული ვარ მათი მაღალი ჩართულობის.

 

_თითქმის ერთი წელია სასწავლო პროცესი განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. როგორ შეაფასებთ ამ განვლილ 1 წელს? რა სირთულეები და შესაძლებლობები გამოიკვეთა ამ პერიოდში თქვენი სკოლის მაგალითზე?

ქვეყანაში  COVID 19-ით შექმნილმა მდგომარეობამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა განათლების სისტემა, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიც. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემების წინაშე დადგა თბილისის N166 საჯარო სკოლაც, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სასწავლო წელს მარტის თვის დასაწყისიდანვე თბილისში, ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენი სკოლა, რომელმაც საკმაოდ წარმატებით დაიწყო Teams-ის პლატფორმის გამოყენებით დისტანციური სწავლება. სკოლის წინაშე დამდგარ პრობლემებს გამოვყოფ რამდენიმე მიმართულებით:

  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის არ ქონა

 

მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს არ აღმოაჩნდა შესაბამისი ტექნიკა ან არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. სკოლის შიდა რესურსის გამოყენებით მოხდა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის ტექნიკით უზრუნველყოფა, თუმცა ინტერნეტის არ ქონის პრობლემა გადაუჭრელი დარჩა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სოციალურად დაუცველი  ან მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერთდროულად ჩართულიყვნენ გაკვეთილებზე.

 

  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არ ან არასაკმარისი ფლობა

 

განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს და მათ მშობლებს გაუჭირდათ Teams-ის აპლიკაციის დაინსტალირება და მოსწავლის დარეგისტრირება სკოლის მიერ მიწოდებული ელექტრონული ფოსტისა და დროებითი პაროლების მიხედვით.

სკოლაში შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი იმ პედაგოგებისგან, რომლებიც კარგად ფლობდნენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ისინი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს  Teams-ის აპლიკაციის დაინსტალირებასა და მოსწავლის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ასევე, როგორ ჩაერთოს მოსწავლე დისტანციურ გაკვეთილს, სად ნახოს მასწავლებლის მიერ გაგზავნილი დავალება, როგორ გადმოაგზავნოს მოსწავლემ მის მიერ შესრულებული დავალება და ა.შ.

 საკოორდინაციო ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ ნაკლები გამოცდილების მქონე მასწავლებლებსაც Teams-ში სამუშაო ჯგუფების შექმნაში  (მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლა არ დაელოდა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, როდის მოახდენდა საქართველოს მასშტაბით  Teams-ში სამუშაო ჯგუფების შექმნას).

 

  • განათლების მიღების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

 

ტექნიკური მხარის მოგვარების შემდეგ სკოლაში აღმოჩნდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც განათლების მიღების მიღმა რჩებოდნენ.  ასეთ შემთხვევაში საგნის მასწავლებლები ცდილობდნენ ინდივიდუალურად დაკავშირებოდნენ მათ სატელეფონო კომუნიკაციით ან სხვა სოციალური ქსელებით  და ისე გაეწიათ მათთვის კონსულტაციები. ასეთი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტელესკოლის პროექტი, როგორც საგანმანათლებლო რესურსი. ასევე, el.ge-ის საგანმანათლებლო რესურსი,  Kids.ge-ის საკვირაო სკოლა, TVschool.ge  და სხვა საგანმანათლებლო პლატფორმები.

 

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი გაცილებით ნაკლები პრობლემებით დავიწყეთ, თუმცა სკოლაში კვლავ არიან მოსწავლეები, რომლებსაც გაუმართავი ტექნიკა ან ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ.

 

  • სოციალური ადაპტირების და ურთიერთობის პრობლემა

 პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირისპირ სწავლებას სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს ონლაინ სწავლება. რაც არ უნდა შევეცადოთ მოსწავლეებს მივცეთ ხარისხიანი განათლება, მოსწავლეებში ვერ განვითარდება სოციალურ გარემოში ადაპტირებისათვის საჭირო უნარები. მოსწავლეებს ერთმანეთთან ურთიერთობა და მეგობრობა სურთ, რის შესაძლებლობასაც სკოლა აძლევს. რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ოქტომბრის თვეში პირისპირ განხორციელებული სწავლების პროცესში. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ბედნიერები იყვნენ სკოლაში სიარულით, თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობით, სწავლის მაღალი მოტივაციით, შეჯიბრობითობის, გუნდური მუშაობის და თვითშეფასების შესაძლებლობით, რასაც ვერ ვიტყვით საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებზე, რომლებიც უდიდეს გულისწყვეტას გამოხატავდნენ დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის გამო.

რაც შეეხება დისტანციური სწავლების შესაძლებლობებს:

 უდაოა, რომ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება შეძლო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების უმრავლესობამ, რაც ასე მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში. მასწავლებლების მიერ შეიქმნა, ასევე მოძიებული იქნა უამრავი სასწავლო რესურსი, რომლის მოსწავლისთვის და კოლეგისთვის გაზიარება მარტივია. ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული, დიფერენცირებული დავალებების შექმნა-გაგზავნა-შემოწმებაც უფრო სწრაფად ხდება და მასწავლებლისთვის კომფორტულია. სულ სხვადასხვა უნარების და ინტერესების აღმოჩენა მოხდა მოსწავლეებში, რომლებიც რატომღაც მასწავლებლის მიერ პირისპირ სწვლების დროს ყურადღების მიღმა რჩებოდა. მოსწავლეების მიერ იქმნება არაჩვეულებრივი პროექტები, პრეზენტაციები, ვიდეორგოლები. დისტანციური სწავლებისას თითქოს უფრო გააქტიურდნენ ე.წ. პასიური მოსწავლეები. მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ერთმანეთის ნამუშევრებს, რასაც პირისპირ სწავლების დროს ხშირად ვერ ვახერხებდით (საგაკვეთილო დროის სიმცირის თუ საკლასო ოთახის შესაბამისი ტექნიკით ვერ აღჭურვის გამო). მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის და მუშაობის უნარ-ჩვევები. მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო სწავლა-სწავლების პროცესის სწორად, რაციონალურად და ეფექტიანად დაგეგმვა. სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმის თუ რესუსების მრავალფეროვნება, სიახლეების ძიება ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერესის აღძვრას და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. სკოლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნეოდა მშობელთა ჩართულობა შვილის სწავლა-სწავლების პროცესში. დისტანციური სწავლების დროს გაიზარდა მშობლის ჩართულობა და უკუკავშირი სწავლა-სწავლების პროცესში.  უფრო მეტად დაფასდა მშობლის მხრიდან მასწავლებლის მიერ გაწეული მუშაობა და ძალისხმება.

_ ვიცით რომ ამ ერთი წლის მანძილზე უამრავი ახალი ტექნოლოგია დაინერგა სკოლაში. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს ? როგორია ტექნოლოგიებთან ადაპტირების ხარიხსი? 

_ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დისტანციური სწავლება არის ერთ-ერთი დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეავსოს პირისპირ სწავლება და არა ჩაანაცვლოს.  ელექტრონული სწავლების კომპონენტების დანერგვა პირისპირ სწავლებასთან ერთად ხელს უწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას და მისი ეფექტურობის ზრდას, რასაც ვერ ვიტყვი სრულ დისტანციურ სწავლებაზე. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ახალი, მანამდე უცნობი შესაძლებლობების გაცნობა-გამოყენება საკმაოდ მომხიბვლელი და მიმზიდველი აღმოჩნდა როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის,  თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლისთვის რუტინად გადაიქცა. მასწავლებელს პირისპირ სწავლებისგან განსხვავებით დიტანციური სწავლებისთვის უწევს მეტი საჭირო რესურსის მოძიება ან შექმნა.  ვფიქრობ, სკოლაში საკმაოდ მაღალია ახალი ტექნოლოგიების ადაპტირების ხარისხი და პროცესსაც დადებითად შევაფასებდი.