085

2021-09-25

მარიამ ლაზარაშვილი - წარმატების ამბავი

თბილისის ღია უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების” ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი და პედაგოგი მარიამ ლაზარიაშვილი ჩვენს სტუდენტებს საკუთარი წარმატების ამბავს უზიარებს. იგი როზალინ კარტერის ფრაზას გვახსენებს და გვეუბნება, თუ არ მივიღებთ მარცხს, როგორც შესაძლებლობას, მაშინ ვერ მივაღწევთ წარმატებას.


როდის დაიწყო თქვენი და თბილისის ღია უნივერსიტეტის მეგობრობა და რა შესაძლებლობა მოგცა მან? 

ჩემი და თბილისის ღია უნივერსიტეტის მეგობრობა ბევრ წელს ითვლის. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ერთგული მეგობრებიც კი ვართ ერთმანეთისთვის. 

რაც შეეხება შესაძლებლობებს, ამ თემაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. დავიწყოთ იმით, რომ ჩემი აზრით ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალი, რომელიც შესაძლოა უდიდესი მოტივატორი გახდეს სტუდენტისთვის. გამომდინარე აქედან, პირველი, რასაც ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში უდიდეს შესაძლებლობად მივიჩნევ, არის თბილისის ღია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ურთიერთობა და მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა.  შემდგომში კი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ეს არის საინტერესო სასწავლო პროგრამები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კამპუსი, რაც ვფიქრობ, რომ ერთგვარი კომფორტია თითოეული სტუდენტისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვისას უდიდესი შესაძლებლობა იყო.

რატომ უნდა დაინტერესდნენ სტუდენტები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროგრამებით?

თქვენის ნებართვით, მე გკითხავთ: თქვენ ბევრი უნივერსიტეტი იცით, სადაც ფუნქციონირებს „კონფუცის ინსტიტუტი“?! ვფიქრობ, რომ არა… გარდა ამისა, თბილისის ღია უნივერსიტეტს უამრავი შესაძლებლობა აქვს, რომელიც სტუდენტების რეალურ განვითარებაზეა მორგებული. ყველაზე მეტად კი იცით რას გამოვყოფდი? აკადემიური პერსონალის მხარდაჭერას, რომელმაც პირადად ჩემი შემდგომი კარიერა განავითარა და შესაძლებლობების სწორ გზაზე დამაყენა. 

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხატია შევარდნაძე, რომელიც ჩემი ცხოვრების კურსის ძირითადი წარმმართველი გახდა და ასევე, აქვე გამოვყოფდი სოფიო მორალიშვილსაც, რომლის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ინგლისურად თავისუფლად ვსაუბრობ.

სად მუშაობთ ამჟამად?

ამჟამად ვმუშაობ „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში“, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს მულტიკულტურული განათლების მიღების პროცესს. აღნიშნული სკოლა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის „ოჯახის წევრია“ და ვამაყობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინტერკულტურული პროექტი განხორციელდა, რომელთა ფუძემდებელი ჩემს გუნდთან ერთად, მეც გახლდით. 

გეხმარებათ თუ არა ჩვენთან მიღებული ცოდნა თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში?

სხვანაირად წარმოუდგენელია... ზემოთ ქალბატონი ხატია ვახსენე, რომელთან ერთად, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, მისი დახმარებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე. დაიგეგმა და განხორციელდა სამეცნიერო წიგნების პრეზენტაციები, ასევე, ლიტერატურული საღამოების, სატელევიზიო გადაცემებისა და სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში სამეცნიერო სტატიის შექმნის ერთობლივი სამუშაოები. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა თბილისის ღია უნივერსიტეტი და მისი აკადემიური პერსონალი. 

რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ჩართულობას მოსწავლის განვითარებასა და ხელშეწყობაში?

უდიდესი და უმნიშვნელოვანესი. მასწავლებელი უნდა იყოს მედიატორის ფუნქციის მატარებელი და უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო უნარი, რაც საჭიროა მოსწავლეებთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის. იგი უნდა ქმნიდეს თავისუფალ გარემოს, რომელშიც ყველას ექნება ცოდნის მიღების სურვილი და ასევე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი რესურსის გამოყენება. თუკი ჩვენ მიერ დაგეგმილ გაკვეთილებს არ გავხდით საინტერესოს, მაშინ ვერ გავუღვივებთ მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას.

რატომ არის საინტერესო/მნიშვნელოვანი თქვენი საქმიანობა? 

ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობა რამდენადაც საინტერესოა, იმდენად მნიშვნელოვანია. განათლების სფეროს სჭირდება  იდეებითა და ცოდნით სავსე ახალგაზრდა თაობა, რომელიც ფუნდამენტურ ცოდნას გაიზიარებს წინამორბედთაგან და ახალგაზრდულ ელფერს შესძენს ყველაფერს. ჩვენ, მასწავლებლებს კი ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანესი მისია გვაკისრია - ჩვენივე საქმიანობით დავაინტერესოთ თაობები და გავუღვივოთ მათ სწავლის სურვილი.

რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი პროფესია? 

ჩემი პროფესია არის გზა, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია სიახლეებზე.

დაასრულეთ ფრაზა: თუ შენი პროფესია გიყვარს…

სიყვარულის გარეშე შეუძლებელია მიაღწიო პოზიტიურ შედეგს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი იგი შენს პროფესიას ეხება. იცით რატომ? მარტივი პასუხი მაქვს - მასწავლებლის პროფესია ცოცხალი პროცესია. თუკი მის განვითარებაზე არ ვიფიქრეთ, მაშინ წარმატებას ვერ მივაღწევთ. სწავლა-სწავლების პროცესი კი - ორმხრივია. ვერ დაადგენ უკუკავშირს, თუ არ გასცემ კონსტრუქციულ ცოდნას. სწორედ ამიტომ, სტუდენტებო, მომავალო მასწავლებლებო, პირადი გამოცდილებით გირჩევთ, რომ არასოდეს გაჩერდეთ, აკეთეთ თქვენი საქმე სიყვარულით, მიღწეული შედეგით კი ყველაფერი დამტკიცდება. 

ჩემთვის „წარმატება“ არის... 

როდესაც ცდილობ გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

სამი ძირითადი თვისება, რაც მნიშვნელოვანია თქვენი საქმის ეფექტურად წარმართვისთვის…

საკუთარი საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ეთიკურობა.

რას ურჩევდით მომავალს სტუნდენტებს, რომლებიც იწყებენ სწავლას და ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?

დაიწყეთ მოქმედება ახლა, განავითარეთ საკუთარი უნარები და ყოველთვის შეისწავლეთ რაღაც ახალი. 

თქვენი სამოტივაციო ფრაზა...

„შესაძლოა დამარცხდე, გააკეთო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ისევ დამარცხდე, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი უნდა იყო, რადგან სცადე. თუ არ იღებ მარცხს, როგორც შესაძლებლობას, არ ხარ მიმართული წარმატებისკენ. თუ არ ცდილობ, არ რისკავ.“- როზალინ კარტერი