085

2021-04-07

მედიაციის ეროვნული შეჯიბრში თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს

თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში და მონაწილე 8 გუნდს შორის საპატიო, მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, გუნდის წევრებმა დაიმსახურეს გამარჯვება სამ მნიშვნელოვან ნომინაციაში: საუკეთესო ერთიანი გუნდი, საუკეთესო გახსნითი სიტყვა - სოფიო ცერცვაძე და აქტიური მსმენელი - თეა გრიგალაშვილი, ქეთევან ზაქარეიშვილი.

მედიაციის ეროვნული შეჯიბრი მიზნად ისახავს საქართველოს სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის ონლაინ მედიაციის წარმართვის პროცესში მხარის (კლიენტის) წარმომადგენლობისა და მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. ეროვნული შეჯიბრი ხელს უწყობს მედიაციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას, მისი საფუძვლების შესწავლას და შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ეფექტიან გამოყენებას საუნივერსიტეტო სწავლების დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულთა პროფესიულ საქმიანობაში.

შეჯიბრი ტარდება თსუ-ს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“, ასევე სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“  მხარდაჭერით. 

კონკურსის ორგანიზებამდე შეჯიბრზე რეგისტრირებულმა 8 გუნდმა გაიარა 4-დღიანი მოსამზადებელი ტრენინგი მედიატორისა და ადვოკატი წარმომადგენლის უნარ-ჩვევებში, ონლაინ მედიაციის პლატფორმის გამოყენების თავისებურებათა გათვალისწინებით. ტრენინგის დასრულების შემდეგ ონლაინ გაიმართა ეროვნული შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში, რომელიც 5 აპრილს დასრულდა.