085

2021-09-28

BHARATH-ის უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

28 სექტემბერს, თბილისის ღია უნივერსიტეტსა და Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მსოფლიოში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხელმოწერის ცერემონია ონლაინ წარიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერა თბილისის ღია უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ და Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის პროფესორმა ჰარიპრაკაშმა. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბებული სამომავლო ხედვები და გეგმები.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ძირითადი მიმართულებებია:

-       სტუდენტების გაცვლითი პროგრამები მედიცინის, IT ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით;

-       აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები მედიცინის, IT ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით;

-       ერთობლივი პროგრამები მედიცინის, IT ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით;

-       მედიცინის სკოლის სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოსა და ინდოეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

-       ერთობლივი კონფერენციები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები.

Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტი - დაფუძნდა ინდოეთში, 1984 წელს, როგორც პირველი კერძო საინჟინრო კოლეჯი. 1989 წელს მათ უნივერსიტეტის ბაზაზე სტომატოლოგიური კოლეჯი და ჰოსპიტალი დააფუძნეს და მალევე, IT ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც დაამატეს. 2014 წელს მსოფლიოს განათლების კონგრესის მიერ სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტი „წლის საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად“ დასახელდა, ხოლო 2020 წელს იგი განათლების დონის ხარისხით NIRF-მ მსოფლიოს მასშტაბით 59-ე ადგილით დააჯილდოვა.

თბილისის ღია უნივერსიტეტი - 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად 12 ქვეყნის 2100 სტუდენტს აერთიანებს. ისინი მედიცინის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლებში სწავლობენ. მოთხოვნიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი მუშაობს რამდენიმე ახალი მიმართულების დანერგვაზე, მათ შორის კი არის IT ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი. ახალი აკადემიური სასწავლო წლისთვის თბილისის ღია უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაზე ასობით სტუდენტმა შეაჩერა არჩევანი, რაც იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ იგი აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და “სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის” (WFME) მიერ. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტი არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციისა (AMEE) და უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი. საბოლოოდ კი, ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რასაც თბილისის ღია უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს,  არის პრაქტიკა და ამ მხრივ მას საკმაოდ მაღალტექნოლოგიური ბაზა აქვს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის - „ევექსთან“ ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკა სწორედ თბილისის ღია უნივერსიტეტთან აფილირებული კლინიკაა და სტუდენტებიც პრაქტიკას აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გაივლიან.