085

2019-10-18

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი!

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 22-27 სექტემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში გაიმართა, ანაკლიის თემატიკის ირგვლივ ჩატარდა მულტიდისციპლინარული ხასიათის საჯარო ლექციათა ციკლი.

ღონისძიება გაიხსნა 22 სექტემბერს პროფესორის, ეკონომიკის აკადემიური დოქტორის, კობა არაბულის საჯარო ლექციით თემაზე: „ტურისტული კლასტერი ანაკლია“. მოხსენებაში, საქართველოს ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, გაკეთდა აქტუალური თემის, „საქართველო - ევრაზიული კორიდორი“ მოკლე ანალიზი და ამ მიმართულებით აღნიშნულ იქნა ისეთი პროექტების მიმოხილვა, როგორიც იყო: ტრასეკა და დიდი აბრეშუმის გზის ტურისტული ვარიანტი (იუნესკოს პროექტი). 

23 სექტემბერს გაიმართა მომდევნო ღონისძიება, სადაც საჯარო ლექციებით გამოვიდნენ თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორ-ასისტენტი, კონსტანტინე ვეკუა: „ანაკლია-მშვიდობის ზონა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გვანცა აბდალაძე: „ანაკლია და ჰიბრიდული მშვიდობა“. ასევე, სტუმრის სტატუსით იქნა მოწვეული იტალიის სამშვიდობო ასოციაციის, „რონდინე-მშვიდობის ციტადელის“ კურსდამთავრებული, გიორგი გაბედავა, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „ანაკლია და სახალხო დიპლომატია“. პროფესორმა კონსტანტინე ვეკუამ ისაუბრა ანაკლიის მშვიდობის ზონაზე, როგორც ინოვაციურ იდეებსა და მექანიზმზე დაფუძნებულ ერთიან სისტემასა და ხედვაზე; თავად მშვიდობის ზონის ჩამოყალიბებაზე, როგორც თანმიმდევრულ პროცესზე. პროფესორმა გვანცა აბდალაძემ განიხილა ანაკლიის მშვიდობის ზონად ჩამოყალიბების შესაძლებლობები და გამოწვევები, აღნიშნული პროექტის როლი საქართველოში პოზიტიური მშვიდობის კულტურის შექმნაში. შესაბამისად, ისაუბრა თავად მშვიდობის არსზე, სამშვიდობო განათლებაზე, ტრანსნაციონალური კორპორაციების მონაწილეობასა და ანაკლიის მშვიდობის ზონის პერსპექტივებზე რეგიონალური მშვიდობის განმტკიცების საქმეში. გიორგი გაბედავამ ანაკლიის პროექტის ჭრილში წარმოაჩინა სახალხო დიპლომატიის როლი და აფხაზეთის კონფლიქტში არსებული გამოწვევები.

24 სექტემბრის საჯარო ლექციის თემა იყო „ანაკლია-გეოსტრატეგიული გამარჯვება“, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა სოციალურ მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, მარინა იზორიამ. პრეზენტაციაში საუბარი შეეხო ანაკლიას, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ასამოქმედებელ სატრანსპორტო ჰაბს, რაც კიდევ უფრო ქმედითს გახდის საქართველოს უნიკალური პერსპექტივის, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

26 სექტემბერს მოეწყო სტუდენტური კონფერენცია, რომელიც სადისკუსიო პანელის ფორმატში ჩატარდა და რომლის მთავარი სტუმარი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორები და სტუდენტები. მოეწყო გამოფენა სახელწოდებით „ანაკლია-მდგრადი განვითარება. ლოკალური და გლობალური პერსპექტივები". უახლეს და უაქტუალურეს საკითხებთან ერთად დაისვა არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელთაც კონსორციუმის ადმინისტრაციის მხრიდან კომპეტენტური პასუხები გაეცა.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა 27 სექტემბრის საჯარო ლექციით თემაზე: საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამართლებრივი ასპექტები“, რომელიც ჩაატარა თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფ. ქეთევან ცხადაძემ.