085

2021-07-15

ნანუკა ჭოხონელიძე - წარმატების ამბავი

ტურიზმის მნიშვნელობაზე, საკუთარ გამოცდილებასა და საქმის ეფექტურად წარმართვაზე ნანუკა ჭოხონელიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკუკავშირის, ანალიზისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი გვესაუბრა. 


რომელი პროგრამა დაასრულეთ თბილისის ღია უნივერსიტეტში? 

დავასრულე თბილისის ღია უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. 

თბილისის ღია უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ…

გამეღრმავებინა ცოდნა ბიზნესის სფეროს მიმართულებით და შემესწავლა ჩემთვის საინტერესო თემები. 

სად მუშაობთ ამჟამად?

ამჟამად ვმუშაობ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უკუკავშირის, ანალიზისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.



რატომ არის საინტერესო/მნიშვნელოვანი ტურიზმის სფერო?

ტურიზმის სფერო გვაძლევს საშუალებას, რომ მსოფლიოს გავუზიაროთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ტრადიციები და კულტურა, დავაკავშიროთ ერთმანეთს ადამიანები და ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. 

ტურიზმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში…

ტურიზმი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში, მისი წილი კი ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. აღნიშნულ დარგში ინვესტიციების განხორციელება პირდაპირ ნიშნავს მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობასა და ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით.

ჩემი დღევანდელი საქმიანობა მნიშვნელოვანია, რადგან...

მაქვს შესაძლებლობა ვიყო იმ გუნდის და საქმიანობის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორის განვითარებაზე. 

რას ნიშნავს ჩემთვის საქმე...

პირველ რიგში, საქმე პასუხისმგებლობაა, რომელშიც მთელი ჩვენი ენერგია უნდა ჩავდოთ. ასევე, იგი პროცესია, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, დასახულ მიზანზე უნდა იყოს ორიენტირებული.

თუ შენი პროფესია გიყვარს...

არასოდეს მოდუნდები და მუდმივად გექნება ახლის შესწავლისა  და განვითარების სურვილი.

წარმატება ჩემთვის არის…

საქმიდან მიღებული შედეგი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს უმნიშვნელოვანეს საქმეში.

თვისება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქმის ეფექტურად წარმართვისთვის...

ჩემი აზრით, ნებისმიერ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა. 

რას ეტყოდით აბიტურიენტებს, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით აპირებენ სწავლის გაგრძელებას? 

ტურიზმი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე  საინტერესო და პერსპექტიული მიმართულებაა. განსაკუთრებით ახლა, გამოწვევებით სავსე პერიოდში მეტად აქტუალურია ამ დარგის შესწავლა, ინოვაციური იდეების გაცნობა და ახალი ინიციატივების წარდგენა. სწორედ ამიტომ, მთავარია გიყვარდეთ საქმე, რომლის გაკეთების სურვილიც გაქვთ და მაქსიმალურად ეცადეთ სრულად გამოიყენოთ თქვენი რესურსი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. 

თქვენი სამოტივაციო ფრაზა...

გამოწვევები ყოველთვის იქნება, მთავარია, რომ არ შეუშინდეთ მათ!