085

2021-09-09

ოთარ ჯავახაძე - წარმატების ამბავი

ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული, წარმატებული და მიზანდასახული ოთარ ჯავახაძე, სტუდენტებს საკუთარი წარმატების ამბავს უზიარებს. იგი ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ტაქტიკური მომზადების სამსახურის მთავარი ინსტრუქტორია. მისი მოსაზრებით, “მთავარია, რომ საქმიანობის პროცესით ისიამოვნო და გქონდეს უდიდესი მოტივაცია აკეთო შენი საქმე საინტერესოდ.” წაიკითხეთ მეტი მის შესახებ. 


რომელ პროგრამაზე სწავლობდით თბილისის ღია უნივერსიტეტში?

თბილისის ღია უნივერსიტეტთან საკმაოდ დიდ ხნიანი მეგობრობა მაკავშირებს. აქ დავასრულე, როგორც სამართალმცოდნეობის პროგრამის საბაკალავრო პროგრამა, ასევე სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2019 წელს კი მეორედ გადავწყვიტე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა და არჩევანი, რა თქმა უნდა, ისევ თბილისის ღია უნივერსიტეტის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე შევაჩერე. 


თბილისის ღია უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ…


უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ სასიამოვნო, თანამედროვე და მეგობრულ გარემოში მიმეღო პროფესიული და აკადემიური ცოდნა. დამატებით, კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის შესაძლებლობა, რასაც პრაქტიკოსი ლექტორების გამოცდილების გაზიარება ჰქვია და რაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია სწავლების პროცესში.  


შენი აზრით, რატომ უნდა დაინტერესდნენ სტუდენტები ან საჯარო მოხელეები აღნიშნული სამაგისტრო პროგრამით?


ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა არის უნიკალური თავისი შინაარსით, რადგან ის მოიცავს აკადემიურ ჭრილში ამ დრომდე აუთვისებელ მიმართულებას - უსაფრთხოების ნაწილს.  


გლობალიზაციის პირობებში საქართველოში და მსოფლიოში არსებობს გამოწვევები, რისკები და საფრთხეები. ეს პროგრამა კი არსებული ვითარების გაცილებით სწორად აღქმისა და შეფასების რეალური შესაძლებლობაა. ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც სამაგისტრო პროგრამის მსმენელი იღებს არის უსაფრთხოების სფეროსთვის გამოცდილი და პროფესიონალი კადრის მომზადების მყარი საფუძველი. ამის ნათელი მაგალითი კი ის კონკრეტული საგნებია, რომლებიც ისწავლება აღნიშნულ პროგრამაზე, მაგ.:  კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჰიბრიდული ომის წარმოების მექანიზმები და სხვა. ვფიქრობ, რომ ზემოხსენებული საგნების შესწავლა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება, აუცილებელია, როგორც თითოეული საჯარო მოხელისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის.


სად მუშაობთ ამჟამად?


ამჟამად ვმუშაობ სსიპ–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ტაქტიკური მომზადების სამსახურში, მთავარი ინსტრუქტორის  პოზიციაზე. ვარ პოლიციის მაიორი.


გეხმარებათ თუ არა ჩვენთან მიღებული ცოდნა თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში?


უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მომცა რეალური შესაძლებლობა, რომ ჩემი კარიერის დასაწყისში წარმატებით დამეძლია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორიცაა: პროფესიული ტესტირებები, გასაუბრებები და ა.შ. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო აკადემიური მიმართულება, რომლითაც ძალიან ვარ დაინტერესებული და რომელშიც აქტიურად ვიყენებ სწავლის პროცესში დაგროვილ ცოდნას. 

რატომ არის საინტერესო/მნიშვნელოვანი თქვენი საქმიანობა? მოგვიყევით მეტი შსს აკადემიაზე.


შსს აკადემია არის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მომავალი პოლიციელთათვის საბაზისო სწავლება და ასევე, შსს–ს მოქმედ თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ამაღლების, დაწინაურების და გადამზადების კურსები. აკადემიამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისაგან - ISO 21001:2018 საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო, რაც კიდევ მისი სწავლების ხარისხის კიდევ ერთი აღიარებაა. 


მე ამჟამად ვარ ტაქტიკური მომზადების სამსახურის მთავარი ინსტრუქტორი.  ჩემი საქმიანობა მოიცავს ერთი მხრივ, სასწავლო პროგრამების, კურსების, ტრენინგების მომზადების პროცესს და მეორე მხრივ, უშუალო მონაწილეობას, როგორც თეორიულ სწავლებაში, ასევე პრაქტიკულ წვრთნებში.


თეორიული სწავლება მოიცავს საპოლიციო ტაქტიკის და საკანონმდებლო რეგულაციების შესწავლას. მაგ.: პოლიციელის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევებს. ხოლო პრაქტიკული წვრთნა კი უშუალოდ მიმართულია უნარ–ჩვევების შესაძენად. მაგ.: საპოლიციო მოქმედების ტაქტიკა, ცეცხლსასროლ იარაღთან უსაფრთხო მოპყრობა და გამოყენება.


ვფიქრობ ჩემი დღევანდელი საქმიანობა არის საინტერესოც და მნიშვნელოვანიც, რადგან ერთი მხრივ, იარაღთან ურთიერთობა, სროლა, სწავლება და მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე არის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესი, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ყველაფრის განხორციელება შსს აკადემიის ინსტრუქტორის სახელით კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ვთვლი, რომ ყველა პოლიციელს უნდა შეეძლოს გადამწყვეტ მომენტში სწორად და ეფექტურად გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და დაიცვას, როგორც სხვა, ასევე საკუთარი თავი. 


თუ შენი პროფესია გიყვარს…


ვფიქრობ, საქმისადმი სიყვარული გეხმარება ყოველდღიური რუტინისა და წარუმატებლობების გადალახვაში. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი შენი პროფესია ნამდვილად გიყვარს, არ იმჩნევ სირთულეებს და გაბედულად განაგრძობ წინსვლას. 

ჩემთვის „წარმატება“ არის…


ვფიქრობ წარმატება ყველასთვის სხვადასხვანაირად იზომება. პირადად ჩემთვის იგი არის ის შედეგი, რომელიც განიჭებს სიხარულს. ვფიქრობ, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების განცდა და აღქმა აბსოლუტურად განსხვავებულია. იგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგანაც გამოვყოფდი შეუპოვრობას, რომელიც გაძლევს მოტივაციას ყოველთვის ეძიო რაღაც ახალი, ვითარდებოდე, არ შეუშინდე სირთულეებს და ფიქრობდე მუდმივად წინვლაზე.

რას ურჩევდით სტუდენტებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ცხოვრების ახალ ეტაპზე?

იყავით ორგანიზებულები, დასვით კითხვები, შეუპოვრად ეძიეთ პასუხები და მიჰყევით თქვენს ოცნებას! 

თქვენი სამოტივაციო ფრაზა...

სამოტივაციო ფრაზა ბევრი მაქვს, თუმცა ერთ-ერთს სიამოვნებით გაგიზიარებთ: