085

2021-05-20

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?

სტუდენტობა საუკეთესო დროა ჩვენს ცხოვრებაში, როცა არც ძალიან დიდი ხარ და არც ძალიან პატარა, უფრო მეტის უფლება გაქვს, მოვალეობებიც იმატებს, თუმცა არც ძალიან. მოკლედ, ძალიან კარგია და მთავარია, ეს დრო სწორად გამოვიყენოთ და თვალსა და ხელს შუა არ გაგვეპაროს.

განათლება ჩვენს ქვეყანაში არც ისე იაფია, ამიტომ ბევრ სტუდენტს უწევს იმაზე ფიქრი, როგორ გადაიხადოს სწავლის ღირებულება. სახელმწიფო გრანტი სრულად არ ფარავს ხოლმე ყველა უნივერსიტეტის საფასურს. ე.წ. „სქოლარშიფები“ მიღებული პრაქტიკაა უამრავ ქვეყანაში, მაგრამ არა - ჩვენთან.  ცოტა ხანია, რაც „თბილისის ღია უნივერსიტეტში“ ფსიქოლოგიის პრემიუმ კლასის პროგრამა დავაანონსეთ, და ამასთან ერთად, ისინი, ვინც საუკეთესოდ წარმოგვიდგენენ თავს სამოტივაციო წერილით და გასაუბრებასაც გაივლიან, 50%-იან „სქოლარშიფს“ მიიღებენ, ანუ მათი სწავლის საფასურის 50% შიდა გრანტით დაფინანსდება, თუ ეროვნულ გამოცდებში ასეთი სტუდენტები კარგ შედეგს აჩვენებენ, გამოვა, რომ ისინი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და პერსპექტიულ საბაკალავრო პროგრამაზე, ფსიქოლოგიას უფასოდ შეისწავლიან.

რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, დაიფინანსო სწავლა მხოლოდ ერთი სამოტივაციო წერილით და გასაუბრებით, არც ეგრეა საქმე. წარმოიდგინეთ, ერთმა წერილმა, ერთმა ფურცელმა და მცირე გასაუბრებამ, შეიძლება უდარდელი სტუდენტობა გაჩუქოთ. ამ ფურცელში, ანუ სამოტივაციო წერილში, ადრესატს თავი მთელი დიდებულებით უნდა წარუდგინოთ.

სტატიაში სწორედ სამოტივაციო წერილის შესახებ მოგცემთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას.

რა არის სამოტივაციო წერილი გრანტის მოსაპოვებლად?

გრანტის მოსაპოვებლად დაწერილი სამოტივაციო წერილი დაახლოებით იგივეა, რაც სამსახურისთვის დაწერილი, უბრალოდ აქ დამქირავებლის ნაცვლად, კომისიას მიმართავ, რომ სწორედ შენ ხარ ის, ვისშიც მათ ინვესტიცია უნდა ჩადონ.

შენ ხაზი უნდა გაუსვა შენს სიძლიერეებს, უამბო მკითხველს, რა გამოგარჩევს დანარჩენი აპლიკანტებისგან, მოუყვე შენს მიღწევებზე სწავლაში და ა.შ.

როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი?

3 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ თქვენს სამოტივაციო წერილში:

1.      რატომ იმსახურებთ გრანტს თქვენ.

2.      აუცილებლად დაწერეთ ფორმალური ტექსტი.

3.      ეცადეთ, არ ამოვარდეთ კონტექსტიდან. წარმოიდგინეთ თავი გრანტის კომისიის ერთ-ერთი წევრის ადგილას, რას ელის ის თქვენგან?!

1.      რატომ იმსახურებთ გრანტს თქვენ?

თქვენ ძლიერი მხარეებით უნდა მიიქციოთ კომისიის ყურადღება. ისაუბრეთ საკუთარ მიღწევებზე სწავლის წინა საფეხურზე. რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო სკოლაში, რამ განაპირობა, თქვენი წინა წარმატებები და ა.შ.. დამატებით, შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს გეგმებზე (სწავლასთან დაკავშრებული). ასევე შეგიძლიათ უამბოთ კომისიას, რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ გრანტმა. ეს შეიძლება ძალიან ადამიანური ახსნა იყოს, რომ თუ დაფინანსებას მიიღებთ, თქვენ აღარ მოგიწევთ დარდი სწავლის გადასახადზე, რაც კიდევ უფრო დაგეხმარებათ, მაქსიმალურად აჩვენოთ თქვენი თავი უნივერსიტეტში

2.      იყავით ფორმალური

საგრანტო სამოტივაციო წერილში სტუდენტებმა უნდა შეინარჩნონ ფორმალური ტონი. არაფორმალურობა დასაშვებია, თუ ის მაგალითის ასახსნელად და საილუსტრაციოდ არის საჭირო. თუ წერილში კომისიისთვის მიმართვას გადაწყვეტთ, გამოიყენეთ თქვენობითი ფორმა, რათა გამოხატოთ მეტი პატივისცემა წევრების მიმართ.

ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წერილი გრამატიკულად გამართული იყოს. ორთოგრაფიული, გრამატიკული თუ სტილისტიკური შეცდომები კომისიის წევრებს აფიქრებინებს, რომ თქვენ ენას ვერ ფლობთ ან საკმარისად სერიოზულად არ მიუდექით საკითხს.

იყავით რელევანტური, ნუ მოჰყვებით თქვენი ბავშვობის ისტორიებს. გახსოვდეთ, თქვენ გარდა, უამრავი აპლიკანტია, კომისიამ კი ყველა მათგანის წერილი უნდა განიხილოს, ამიტომ, მოკლედ და კონკრეტულად უპასუხეთ, რატომ თქვენ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს გრანტი და ა.შ..

3.      არ ამოვარდეთ კონტექსტიდან

სკოლებს და ორგანიზაციებს ექნებათ საკუთარი მოთხოვნები იმის შესახებ, თუ რისი ნახვა სურთ სამოტივაციო წერილში. ამ შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოთ ისინი.

სამოტივაციო წერილი უნდა იყოს ჩამთრევი, ამიტომ ეცადეთ, პირველივე სიტყვიდან დააინტრიგოთ მკითხველი.

და ბოლოს, როდესაც რაიმეზე დიდხანს ვმუშაობთ, გვიჭირს იქ შეცდომების დანახვა, ამიტომ სთხოვეთ მეგობარს, დედას, რომ გადახედოს ტექსტს და გაგიზიაროთ აზრი.

დაიწყეთ სწავლა წარმატებით და მოიპოვეთ შიდა გრანტი.

წარმატებებს გისურვებთ!