085

2019-10-29

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა ინიციატივის გლობალური პერსპექტივები.“

თბილისის ღია უნივერსიტეტი, მის ბაზაზე არსებულ კონფუცის კლასსა და ლანჟოუს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2019 წლის 26-27 ნოემბერს მეორედ მასპინძლობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა ინიციატივის გლობალური პერსპექტივები. 2015 წელს ინიცირებული ამბიციური და ფართო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი არაერთი ქვეყნისთვის საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც.

 

კონფერენცია პირველად 2018 წლის მაისში ჩატარდა თბილისის ღია უნივერსიტეტში. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, საქართველოს სამთავრობო დაწესებულების წარმომადგენლებმა და ევროპისა და აზიის თხუთმეტამდე უნივესიტეტის დელეგატმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან და ჩინეთის არაერთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გამოცდილების ბაზაზე თბილისის ღია უნივერსიტეტი აყალიბებს ტრადიციას, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ პროექტში ჩართულობას და,  მისდამი არსებული მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მიზნად ისახავს, შექმნას პლატფორმა დისკუსიისთვის. თბილისის ღია უნივერსიტეტი მასპინძლობს  ადგილობრივი და საერთაშორისო დონის მეცნიერებს; ექსპერტებს; დიპლომატებს; სახელმწიფო ორგანოების,  მედიის, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. კონფერენცია ქმნის შესაძლებლობას, დელეგატებმა იმსჯელონ ერთი სარტყელი, ერთი გზა ინიციატივის რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობის საკითხების შესახებ და გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს. პროექტთან დაკავშირებული თემები განხილული იქნება მრავალმხირივი პერსპექტივით მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი გავლენის გათვალისწინებით  რეგიონსა და მის გარეთ.