085

2019-06-12

სეზონური სკოლა: „ევროპის უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები, არსებული საფრთხეები და გამოწვევები“

მონაწილეთა შერჩევა

სსიპ ― შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 8 მაისის N 49-ე ბრძანების თანახმად, მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ჯგუფისა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივმა, კომბინირებულმა სამეცნიერო პროექტმა: „ევროპის უსაფრთხოება და  თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“. კომბინირებულ პროექტს, რომელიც მოიცავს სეზონურ სკოლასა და საერთაშორისო კონფერენციას, ხელმძღვანელობას უწევენ პროფესორი ირაკლი ბურდული, ასოცირებული პროფესორი ლელა ჯანაშვილი და ასოცირებული პროფესორი გიორგი ამილახვარი ასევე, მასში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ცნობადობისა და მაღალი რანგის მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სეზონური სკოლა: ევროპის უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები, არსებული საფრთხეები და გამოწვევები. სკოლა შეიცავს სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს. სამუშაო ენა გახლავთ ინგლისური და ქართული. სკოლა გაიმართება ექვსი დღის განმავლობაში (1-ლი ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით), რომლის ფარგლებში იმუშავებს ხუთი პლენარული და დასკვნითი, შემაჯამებელი სექცია წინამდებარე თემატიკაზე (ჯამში — 34 საათი):

  1. უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო;
  2. ევროპის სამართალი;
  3. ევროპის უსაფრთხოების კონცეფცია და მისი ელემენტები;
  4. თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს გამოწვევები გლობალიზაციის პირობებში: ტერიტორიული ორგანიზაცია და რეგიონალური კონფლიქტი, ადამიანის უფლებების დაცვა;
  5. თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს გამოწვევები გლობალიზაციის პირობებში: რელიგიური თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა;
  6. ღონისძიების შეჯამება, დასკვნები

პრაქტიკული მოდულის ფარგლებში სკოლის მონაწილეები ესტუმრებიან სხვადასხვა ინსტიტუციებს. სეზონური სკოლის შედეგების გათვალისწინებით ოქტომბერში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დარგის ქართველი და სეზონური სკოლის მონაწილე მოწვეული ლექტორები, პრაქტიკოსები საქართველოს პროკურატურიდან, შსს-ის სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან. ამავე კონფერენციაზე განხორციელდება სეზონური სკოლის ფარგლებში სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი, წინასწარ შერჩეული ნაშრომების პრეზენტაცია.

სეზონურ სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს, სამართლის მომიჯნავე დარგის წარმომადგენლებს. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება სამეცნიერო კომიტეტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. ღონისძიებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი ID ბარათი;
  2. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ბიოგრაფიული რეზიუმე;
  4. სამოტივაციო წერილი (მაქს. ორ გვერდად).

 

სეზონური სკოლისათვის მსმენელთ შერჩევა მოხდება სპეციალური კომისიის მიერ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ლოგიკური აზროვნების უნარი, საკუთარი მოსაზრების დასაბუთების უნარი, თემისადმი დაინტერესების მოტივაცია. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა. ადგილები შეზღუდულია.

საბუთების მიღება იწარმოებს 25 ივნისამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი,

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი,

 

გისურვებთ წარმატებებს!